საჯარო პოლიტიკური პრობლემა: ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე დაბალია

კურსი: საჯარო პოლიტიკა

ხელმძღვანელი: მარიამ გაბედავა

სტუდენტი: თამარ ზურაბაშვილი  

თბილისი 2011  

სარჩევი:  

პრობლემის იდენტიფიცირება      ————————-         3  

ალტერნატივების კონსტრუირება     ——————–         8  

კრიტერიუმების შერჩევა    ——————————–        12  

დაინტერესებული ჯგუფების ანალიზი    ————-        17  

გადაწყვეტილების მიღება    ——————————-      19  

გამოყენებული ლიტერატურა     —————————     20  

 

პრობლემის იდენტიფიცირება: საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, რომელთა შორის უმეტესობას აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ. მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის შედეგების თანახმად, 2002 წელს ქვეყნის 4.37 მილიონი მცხოვრებიდან საქართველოში 284 761-მდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 6.5%-ია. რაც შეეხება სომხებს, ისინი 248 929 ადამიანით ქვეყნის მთელი მოსახლეობის 5.7%-ს შეადგენენ. აზერბაიჯანელები საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ძირითადად, კომპაქტურად არიან დასახლებულნი. მათი უმრავლესობა ქვემო ქართლშია განსახლებული. ისინი დღეისათვის ქვემო ქართლის მთელი მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ, თუმცა ქვემო ქართლის რეგიონში შემავალ ოთხ რაიონში (ექვსიდან) ისინი აბსოლუტურ ან შედარებით უმრავლესობაში იმყოფებიან: მარნეულის რაიონი — 98 245 (83.1%), დმანისის რაიონი — 18 716 (66.7%), ბოლნისის რაიონი — 49 026 (66%), გარდაბანის რაიონი — 49 993 (43.7%). ქვემო ქართლის გარდა, აზერბაიჯანელების კომპაქტური დასახლებებია: თელავის რაიონში — 8 373 (11.9%), ლაგოდეხის რაიონში — 11 392 (22.3%) და საგარეჯოს რაიონში — 18 907 (31.9%); მცხეთის რაიონში — 2 236 (3.5%) და კასპის რაიონში — 3 962 (7.6%). რაც შეეხება მეორე დიდ ეთნიკურ უმცირესობას, დღეისათვის სომხები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ახალქალაქის (57 516 სული, 94.3%), ნინოწმინდისა (32 857 სული, 96%) და წალკის რაიონებში (11 484 სული, 55%). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ეროვნულ უმცირესობებს გაუჭირდათ დამოუკიდებელი საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირება ქართული ენის არცოდნის გამო, რომელიც გახდა ერთადერთი სახელმწიფო ენა. 2002 წლის მონაცემებით, ქართულ ენაზე გამართულად საუბრობენ, ძირითადად, დედაქალაქსა და შერეული მოსახლეობის მქონე რეგიონებში მცხოვრები უმცირესობები, ხოლო შორეულ მონოეთნიკურ რეგიონებში ქართულის ფლობის დონე ძალიან დაბალია. უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის მიერ 2008 წლის მაისში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის დროსაც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რვა მუნიციპალიტეტიდან 1699 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი გამოიკითხა, დადგინდა, რომ მხოლოდ ბორჯომისა და ახალციხის რაიონებში (სადაც ეთნიკური ქართველების რაოდენობა მეტია), 10%-ზე მეტი ეროვნული უმცირესობა საუბრობს სრულყოფილად ქართულ ენაზე. 2009 წლის ჯონათ უილთის მოხსენების მიხედვით, ახალციხეში ქართული მხოლოდ 6, 7 პროცენტმა არ იცის, ახალქალაქში – 47,2%, ნინოწმინდაში – 28,2%. ახალციხეში – ესმის, საუბრობს და წერს გამართულად მხოლოდ 23%, ახალქალაქში – 5%, ნინოწმინდაში – 3%. სახელმწიფო ენის ცოდნა. არაქართველი რესპონდენტები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შეინარჩუნა საჯარო სკოლების საბჭოური სისტემა, რომელიც სხვადასხვა ენაზე სწავლების შესაძლებლობას ითვალისწინებს. სკოლის ასაკის საქართველოს მოქალაქეები შეიძლება შევიდნენ ქართულ, რუსულ, სომხურ, ან აზერბაიჯანულ საჯარო სკოლებში. არსებობს შერეული სკოლებიც, სადაც ერთ სკოლაში რამდენიმე ენის „განყოფილება“ ან „სექტორია“. მაგალითად, ქართულ სკოლას შეიძლება ჰქონდეს რუსული სექტორი, სადაც მოსწავლეებს რუსულად ასწავლიან. ეს სისტემა საკმარისად მრავალრიცხოვანი უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღონ სრული დაწყებითი და საშუალო განათლება. სამწუხაროდ, ეს სკოლები ხშირად ვერ პასუხობენ ქართული ენის სწავლებასთან მიმართებაში საქართველოს ეროვნულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილებებს. განათლების სისტემაში წლების განმავლობაში არსებული ხარვეზების გამო აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის უმცირესობები შესაბამისად, აზერბაიჯნულსა და სომხურ ენებზე საუბრობს და სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის არა თუ ქართულს, უკვე რუსულ ენასაც ვეღარ იყენებს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული ენის შესწავლის საკითხი ინტეგრაციის პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო, თუმცა სახელწიფოს მხრიდან საამისოდ გადადგმული ნაბიჯები მოკრძალებული და არაეფექტიანი აღმოჩნდა. ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით, განათლების სისტემაში ამ ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები კი მხოლოდ წლების შემდეგ გამოიღებს დადებით შედეგს. ქართული ენის არცოდნის გამო ის აზერბაიჯანელები, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება სურთ, ძირითადად, აზერბაიჯანში, სომხები კი – სომხეთში მიდიან სასწავლებლად და სწავლის დამთავრების შემდეგაც, უკეთესი მომავლისა და სამსახურის მოძებნის იმედით, მათი დიდი ნაწილი სამუდამოდ რჩება იქ საცხოვრებლად. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო მოსახლეობისათვის მიუწვდომელია ქართულენოვანი საინფორმაციო საშუალებები. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ კვირაში ერთხელ გადის მათ ენაზე საინფორმაციო გამოშვება, რის გამოც ისინი უფრო უცხოურ (ძირითადად აზერბაიჯანულ, თურქულ, რუსულ) მედია-საშუალებებზე არიან ორიენტირებულნი. ქართული ენის სწავლა სავალდებულოა საქართველოს იმ ორმოცივე საჯარო სკოლაში, სადაც საგნებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ასწავლიან , თუმცა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ერთგან აზერბაიჯანელები და მეორეგან სომხები, ქართული ენის შეზღუდულ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში ის შედეგი აქვს, რომ ასეთი მოსწავლეები სახელმწიფო ენას ყოველთვის კარგად ვერ ფლობენ. სახელმწიფო ენის შესაბამისი ცოდნის დონის არქონის გამო, მათ სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელი ეშლებათ. არადა, საქართველოს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების უმრავლესობა ქართული ენის ცოდნას მოითხოვს, ყველა სახელმწიფო თანამდებობაზეც სავალდებულოა იგივე უნარები. შესაბამისად, განათლების მიღებაში არსებული პრობლემები მათ შესაძლებლობას ართმევს, მომავალში კონკურენცია გაუწიონ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა მოქალაქეებს (ეთნიკურად ქართველებს) სამუშაოს ძებნისას. ეს ტენდენცია კი გამოსწორების ნაცვლად ღრმავდება კიდეც: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2010 წლის მონაცემები 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მიხედვით რეგიონალურ ჭრილში განაწილების თაობაზე, აქ უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა – ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის ზრდის ფონზე მცირდება სკოლებში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების რაოდენობა (გამოთვლილია რეგიონების მიხედვით 2006-2011წ.წ) , რის გამოც შედარებით მცირეა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სპეციალობას ან პროფესიას ეუფლებიან და მათი უმეტესობა სოფლის მეურნეობით კავდება, უმუშევარია ან სამუშაოს მოსაძებნად მეზობელ ქვეყნებში (სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ეძებს პერსპექტივას). აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ მათმა შვილებმა ქართული ენის ცოდნა გაიუმჯობესონ, ამ გზაზე შეიძლება ახალ პრობლემებს წააწყდნენ. საჯარო სკოლებში ძველებურად ადგილი აქვს ენის ცოდნის დონის მიხედვით სეგრეგაციას. ეთნიკური ქართველი მოსწავლეები და არაქართველი მოსწავლეები ხშირად ქართული ენის სხვადასხვა ხარისხით ცოდნის გამო სხვადასხვა კლასებში სწავლობენ. „მე მინდა, რომ ჩემმა გოგონამ ქართველ ბავშვებთან ერთ კლასში ისწავლოს, რომ უკეთ ისწავლოს ქართული ენა, მაგრამ მასწავლებლები ამბობენ, რომ ის კლასელებს ვერ დაეწევა“ – ამბობს ალინა მამედოვა, რომელიც აზერბაიჯანული მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული მარნეულის რაიონის (აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს) მაღაზიაში მუშაობს. თუმცა როგორც ახალციხის N3 სომხური საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ მურადიანი აცხადებს, იმისათვის, რომ ქართული კარგად ისწავლონ ამ საგანში ჯგუფებს ყოფენ, რაც სეგრეგაციის პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა. ასეთი პრაქტიკა აშკარად ეწინააღმდეგება განათლების სამინისტროს ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის სულისკვეთებას, რომელიც აქცენტს „მოქალაქეების ინტეგრაციაზე“ აკეთებს, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები ამის თაობაზე რაიმე კომენტარის გაკეთებას გაურბიან და არც სატელეფონო ზარებზე პასუხობენ, არადა ამის თაობაზე ინფორმაცია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე არ მოიპოვება. მიმდინარე წლის 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლების ინიციატივით გამოვიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის მიცემული დავალების მიხედვით, მომავალი სასწავლო წლიდან ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30 პროცენტი სახელმწიფო ენაზე უნდა ისწავლებოდეს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ფულადი და სხვა სახის შეღავათების დაწესებას იმ სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის, რომლებიც ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლებში გადაწყვეტენ მუშაობას. პრეზიდენტ სააკაშვილის ამ ინიციატივას წინ უსწრებდა სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ანა ქებაძის თქმით, ყველაზე ეფექტიანი ეგრეთ წოდებული კვოტირების სისტემის შემოღება გამოდგა: 200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა სახელმწოფოს მხრიდან. უმაღლესმა სასწავლებლებმა შესთავაზეს სპეციალური პროგრამა: 1 წლის მანძილზე გადიან ქართული ენის ინტენსიურ კურსს და შემდეგ 4 წელი აგრძელებენ არჩეული სპეციალობის შესწავლას. სპეციალისტები გარკვეულწილად ამ სიახლის დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის როგორც მცოდნეთა (40%), ასევე შესწავლის მსურველთა (90%) რაოდენობა. ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის შესწავლის სრულყოფისთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა დახმარებას: როგორც სახელმძღვანელოების თარგმნას უმაღლესი სასწავლების მისაღები გამოცდებისთვის, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისთვის სწავლების გაგრძელების გარანტიებს. თუმცა თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პედაგოგიკის პროფესორის აზრით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ენაზე ნებისმიერი საგნის სწავლება არასრულყოფილია. სწავლების მეთოდიკისა და სასწავლო სახელმძღვანელოების სფეროში სიახლეები მთლიანობაში გვერდს უვლის მსგავს სკოლებს – ამტკიცებს სიმონ ჯანაშია, – „მასწავლებლები რომლებიც ქართულ ენაზე ასწავლიან, მეთოდიკურ სწავლებას გადიან, იღებენ ახალ სახელმძღვანელოებს და სასწავლო მასალებს … თუმცა მსგავსი კურსები არაქართულენოვანი პედაგოგებისთვის სრულად არ არსებობს, ამიტომ ისინი თავიანთი პედაგოგიური უნარების სრულყოფის თვალსაზრისით ჩამორჩებიან“. სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე არცოდნა განაპირობებს შემდგომი განათლების მიღების შეუძლებლობას, შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმების პერსპექტივის უქონლობას, სამოქალაქო სექტორის სისუსტეს, მიმდინარე პროცესებში მათ ნაკლებინფორმატიულობასა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მინიმალურ დონეს (მხოლოდ არჩევნებში და ისიც, არაჯანსაღად, ძირითადად, აზერბაიჯნულ მოსახლეობაში).

ალტერნატივების კონსტრუირება:

იმისათვის, რომ აღმოიფხვრას არსებული საჯარო პოლიტიკური პრობლემა, საჭიროა მისი გამოსწორების სხვადასხვა ხერხების ძიება. ზოგიერთი მათგანი უკვე ხორციელდება, ზოგი არაა თეორიულად ჩამოყალიბებული და პრაქტიკაში დანერგილი. მე შემიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი 4 ალტერნატივა, რომელთა ეტაპობრივი განხორციელება პრობლემის მოგვარების გზაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

1) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება და მათი პროპაგანდირება, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები და მათი შვილები მცირე ასაკიდანვე შეისწავლიან ქართულ ენას. ბავშვები პატარა ასაკში უფრო იოლად ახერხებენ ენის შესწავლას და ურთიერთობების დამყარებას. სკოლამდელ პერიოდში სახელმწიფო ენის შესწავლა ის გარანტია, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების მიერ საშუალო განათლების პროგრამის სახელმწოფო ენაზე წარმატებით დაძლევასა და მომავალი თაობების იმავე პრინციპებით აღზრდას. როგორც ჩანს, ამ იდეას იზიარებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძეც. მისი განცხადებით, ამის თაობაზე სპეციალური პროგრამები უკვე მიმდინარეობს სამინისტროში. ენის ცენტრები ფუნქციონირებს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, გარდა ამისა, უკვე მომზადებულია სკოლამდელი განათლების 6 ცენტრი, რომლებიც აღჭურვილია სათანადოდ და წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. თუმცა ეს რაოდენობა არ არის საკმარისი – დღესდღეობით არაქართველი რესპონდენტებიდან ქვემო ქართლში 82.9%-ს, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 65.2%-ს ესაჭიროება ენის კურსების გამოყენება. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა დასახლების ტიპის მიხედვით – სოფლად არაქართველ რესპონდენტთა 80.1%-ს ესაჭიროება ენის კურსები, ყველაზე ნაკლებად დაბის მაცხოვრებელებმა დააფიქსირეს კურსების საჭიროება. ასევე მნიშვნელოვანია მათი ინფორმირებულობის გაზრდა ენის ცენტრების არსებობისა და ფუნქციონირების შესახებ: სახელმწიფო ენის შესწავლის ცენტრების შესახებ სამცხე-ჯავახეთში უფრო მეტმა რესპონდენტმა იცის (60,4%), ვიდრე ქვემო ქართლში (43,4%). ასევე, არაქართველი რესპონდენტებიდან სამცხე-ჯავახეთში უფრო მეტმა იცის ცენტრების შესახებ, ვიდრე ქვემო ქართლში. საჭიროა ამ ცენტრების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა (ყოველწლიურად 1-ის დამატება მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში), მათი პოპულარიზაცია, ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა და დაფინანსების წყაროების მოძიება არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ასევე არასამთავრობო სექტორიდანაც (საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, სარეკლამო კომპანიები).

2) სახელმწიფო ენის შესწავლის პროპაგანდირება, შერეული საზაფხულო ენის კურსებისა და ბანაკების კონსტრუირებით, წამახალისებელი კონკურსები სახელმწიფო ენასა და ლიტერატურაში. საზაფხულო ბანაკების მოწყობა ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციას ეროვნებით ქართველი ბავშვებთან; მათ შორის აღმოიფხვრება ის დისტანცია, რაც განპირობებულია განსხვავეული ეთნიკური ან კულტურული წარმომავლობით. შესაბამის კურსებზე ბავშვებს წაეკითხებათ ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ლექციები, იქნება ინტერაქციულ რეჟიმში მათი აქტიური ჩართვა პროგრამაში, დასვენების საათების აქტიურად გამოყენება და თანატოლებთან ქართული ენის პრაქტიკის გავლა. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება კომპაქტურად ჩასახლებული ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომელთაც ვიწრო, ეთნიკურ წრეში ცხოვრების გამო ნაკლებად აქვთ სახელმწიფო ენის გამოყენების შესაძლებლობა და საჭიროება. ამგვარი პოლიტიკა სახელმწიფო განათლების პროექტშიც დევს. საზაფხულო ბანაკების ფორმით სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავების და ამ პროგრამით სამოდელო ბანაკების მოწყობის ინიციატივით ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ 2009 წელს გამოვიდა და კონკურსი სახელწოდებით “სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკები” გამოაცხადა. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და უმრავლესობის წარმომადგენელთა შორის პიროვნული კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა, ქართული ენის შესწავლის მოტივაციის გაზრდა, სამოქალაქო განათლება, ტოლერანტული თემების წინ წამოწევა, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის პოპულარიზაცია-პროექტის განმახორციელებლების წინაშე დასახული უმთავრესი ამოცანები იყო. ფონდმა ექვს პროექტს დაუჭირა მხარი და თითოეული 13000-15000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. ბანაკების ორგანიზატორების მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯი იყო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაზე მიმართული ღონისძიებები (ექსკურსიები), რომელმაც მოზარდებს რეგიონში ეროვნებათაშორის თანამეგობრობის მაგალითები ისტორიული წარსულის მოშველიებით გააცნო. ამ პრაქტიკის გაგრძელება საუკეთესო შეთავაზება იქნებოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვებისათვის, რომლებიც ენის შესწავლასთან ერთად ინტეგრირდებოდნენ იმ ქვეყნის საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობენ და რომლის მოქალაქეებიც არიან.

3) მშობლების განათლება ტრეინინგების, საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა საშუალებით, რომ მოხდეს მათი დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელია, შვილებს ხელი შეუწყონ განათლების მიღებაში, რომლის თავი და თავი სწორედ სახელმწიფო ენაა. როგორც ვიცით, ეთნიკური უმცირესობების, და ამ შემთხვევაშიც, ყველაზე მრავალრიცხოვანი უმცირესობის, ეთნიკური აზერბაიჯნელების განათლების დონე დაბალია (თუმცა ამაზე სტატისტიკა არაა გაკეთებული), რაც იწვევს შემდგომ თაობებშიც განათლებაზე უარის თქმის პოლიტიკას. ქვემო ქართლის რესპონდენტების უმეტესობის აზრით (66,5%) სახელმწიფო ენის ცოდნა საჭიროა ქართულენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის. სამცხე-ჯავახეთში რესპონდენტთა ნახევრის აზრით სახელმწიფო ენა დასაქმებისთვისაა საჭირო (49,5%). ორივე რეგიონში რესპონდენტთა ნახევარზე ოდნავ ნაკლები ფიქრობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ქვეყნის სრულოფილ მოქალაქედ აღქმისთვისაა საჭირო (ქვემო ქართლი – 43%, სამცხე–ჯავახეთი – 46%) . იმისათვის, რომ მათ გადაწყვიტონ თავიანთი შვილები ატარონ სკოლაში, აუცილებელია მათ ინფორმირებულობა განათლების მნიშვნელობისა და სიკეთეების შესახებ, მათ შვილების მიერ განათლების მიღების შემთხვევაში მათ პერსპექტივების ზრდის ჩვენება და მათი დაინტერესება ამ პოლიტიკით. განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა ობიექტური განცხადებით, მხოლოდ ერთი მხრიდან სურვილი საკმარისი არაა სახელმწიფო ენის შესწავლის საქმეში, აუცილებელია ასევე მეორე მხარის დაინტერესება და მოტივაცია მისი შესწავლისა. სწორედ ამიტომაც, ამისათვის უნდა მოეწყოს შეხვედრები უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონის მოსახლეობასთან და მოხდეს იმის ახსნა, რომ ქართული ენის შესწავლით ისინი არ დაკარგავენ საკუთარ იდენტობას და წარმატების პერსპექტივებიც გაეზრდებათ. ამას ორგანიზებას თუ გაუწევს განათლების სამინისტრო, მასში ახალგაზრდა მოხალისეები, სტუდენტები სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას, სასურველია, რომ გაიმართლოს პერმანენტულად.

4) განათლებამიღებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წახალისება სამუშაოს პოვნაში დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში მოლოდინებისა და პრიორიტეტების გადაფასებას. უმთავრესი მოცემულ პოლიტიკაში არის თავად ეთნიკური უმცირესობების დაინტერესება სახელმწიფო ენის შესწავლით. ამისათვის საჭიროა მათთვის ენის შესწავლის და შესაბამისად, განათლების მიღების შემთხვევაში პერსპექტივების ზრდის ჩვენება, რამაც შეიძლება მათი ყურადღება მიიპყროს და ენის შესწავლის სტიმულირება მოახდინოს. სწორედ ამისათვის ამოქმედდა საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2010 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ახალი პროგრამა 1+4, რაც ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიებტის ჩაბარების შეღავათან ფორმას: ეროვნული უმცირესობები ზოგად უნარებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ და საერთო კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათთვის გამოყოფილი შესაბამისი კვოტების ფარგლებში, ჩარიცხვის შემდეგ, ქართულ ენას ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ისწავლიან. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ენას სათანადოდ დაეუფლებიან და საჭირო რაოდენობის კრედიტს დააგროვებენ, შესაძლებლობა ექნებათ, პირველკურსელებს შეუერთდნენ. ამის გათვალისწინებით, ნავარაუდებია ეთნიკურ უმცირესობებში უნივერსიტეტდამთავრებულთა რაოდენობის ზრდა. ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია, თუმცა ის არასაკმარისად მიმაჩნია და ვთვლი, რომ ქვეყანაში ისედაც მაღალი უმუშევრობის დონის გათვალისწინებით (16.3% 2010 წლის მონაცემებით ), საჭიროა დამატებითი ზომები. კერძოდ, თუ შეიქმნება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი სააგენტო/სააგენტოები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონდომებული ეთნიკური უმცირესობებისათვის ენის ცოდნისა და განათლების მიღების შემთხვევაში სამსახურის მოძებნასა და შეთავაზებას, ეს მათ ნდობას გაზრდის სახელმწიფოს არსებული პოლიტიკისადმი და მოახდენს მათ მოტივირებას. ამგვარი სააგენტო შექმნილი იქნება სპეციალურად ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის სამსახურის პოვნაში დახმარების აღმოსაჩენად, თუ ის დააკმაყოფილებს კვალიფიკაციისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შესაბამისი მოთხოვნებს. პარალელურად მოხდეს დამსაქმებელთა წახალისება შეღავათიანი საშემოსავლო გადასახადებით, თუ ისინი ამ უკანასკნელებს დაასაქმებენ თავიანთ კომპანიებში.

კრიტერიუმების შერჩევა: ახლა შევეცდები ჩამოვაყალიბო ის კრიტერიუმები, რომლითაც შეიძლება შეფასდეს ამა თუ იმ ალტერნატივის საბოლოო შედეგი. ისინი შემდეგია:

ეფექტიანობა – ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია შედეგების შეფასებისას. სწორედ ეფექტიანობის ესა თუ ის ხარისხი არის ის საბოლოო მიზანი, რომელიც ემსახურება საჯარო პოლიტიკური პრობლემის მოგვარების საქმეს. იგი შეიძლება შევადაროთ წმინდა ეკონომიკურ შეფასებას ანუ შედეგების უბრალო ჯამს, რომელიც მიიღწევა ამა თუ იმ ალტერნატივის განხორციელების შედეგად. ხარჯი – ესა თუ ის მატერიალური თუ არამატერიალური რესურსი, რომელის საჭირო იქნება შედეგის მისაღწევად.

დრო – ეს ის კაპიტალია, რომელიც იხარჯება შედეგის მისაღწევად. იგი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ალტერნატივის შეფასებისას. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბევრი რამ – მაგალითად, ზოგიერთი შედეგი შეიძლება გრძელვადიანი იყოს, ზოგი პირიქით – მოკლე, ზოგი შედეგის მიღებას ბევრი დრო დასჭირდეს და შესაძლოა მისი დადგომისას პრიორიტეტები შეცვლილიც კი იყოს, ზოგჯერ პირიქით.

თანასწორუფლებიანობა/სამართლიანობა – გულისხმობს, თუ რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული თითოეულ საზოგადოებრივ ჯგუფზე ამა თუ იმ ალტერნატივის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი.

ღირებულებითი დონე – ეს იმ ღირებულების გათვალისწინება ან პირიქით, უგულებელყოფაა, რომელიც გაბატონებულია საზოგადოებაში და რომლითაც, ის როგორც მორალური კატეგორია, ისე ხელმძღვანელობს.

კანონიერება – რამდენად შეესაბამება საყოველთაოდ დადგენილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე კონსტიტუციასა და ძირითად კანონებში გათვალისწინებულ ნორმებს. ახლა კი განვიხილავ თითოეული ალტერნატივის შედეგს ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით:

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება და მათი პროპაგანდირება, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები და მათი შვილები მცირე ასაკიდანვე შეისწავლიან ქართულ ენას.

1) ეფექტიანობა – ენის შესწავლა სკოლამდელ დაწესებულებებში შედეგად მოგვცემს ორენოვანი ბავშვების აღზრდას, რომლებსაც წარმატებით შეეძლებათ სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ქართული ენის შესწავლა. ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ, რომ პარალელურად იარსებებს მოზრდილთათვის ენის შემსწავლელი კურსები, რომლებსაც მიაკითხავენ ის მოსწავლეები, რომელთაც სურთ და პრობლემა ექმნებათ ენის შესწავლაში, მაშინ რეალურად შედეგად გვექნება დიდი პროგრესი უმცირესობათათვის ენის შესწავლის გზაზე.

2)  ხარჯი – მოკლევადიან პერიოდში ხარჯი მაღალი იქნება, ვინაიდან უნდა მოხდეს იმ ფართის, ტექნიკის, წიგნების შეძენა/რენტით აღება, აღმზრდელთა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, რაც უნდა იქნეს გამოყენებული პროგრამაში, თუმცა მოგვიანებით ყოველთვიური გადასახადები უფრო მარტივი დასაფარი იქნება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე კურსებზე გადასახადით შემოსული რესურსებიდან.

3)   დრო – როგორც უკვე აღვნიშნე, მოკლევადიან პერსპექტივაში ის არ იქნება დიდი შედეგის მომტანი, თუმცა უკვე 5 წელზე გათვლით მოიტანს შესამჩნევ შედეგს ენის ცოდნის ზრდაში როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ასევე უფროსებში.

4)  თანასწორუფლებიანობა/სამართლიანობა – ამგვარი ცენტრების განლაგება საჭიროა მოხდეს ყველა იმ რეგიონში, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რათა კომპენსირება მოხდეს სახელმწიფო ენასთან კონტაქტის იმ სიმცირისა, რაც მათ გააჩნიათ. მეორე მხრივ, ეს გამოიწვევს შერეულ რაიონებში დასახლებული ეთნიკურად აზერბაიჯნელი და სომეხი უმცირესობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, ასევე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებით(აც) მიღებული ბიუჯეტის ნაწილის გადაქაჩვას უმცირესობების სასარგებლოდ.

5) ღირებულებითი დონე – სახელმწიფო ენის შესწავლა არის ის მთავარი და აუცილებელი ფაქტორი, რაც აუცილებელია ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ქართული ენის შესწავლას ეთნიკურად ქართველები მიესალმებიან, თუმცა ექნებათ ორმაგი დამოკიდებულება მის მიმართ – ეთნიკურად არაქართველთა ინტეგრაციამ ქართულ საზოგადოებაში შეიძლება მათში გამოიწვიოს შიში იმისა, რომ მოხდება ქართველი ერის აღრევა, როგორც ამაზე საუბრობდნენ მაშინ, როცა იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა, ამოეღო ეროვნულობის აღნიშვნა მოქალაქეთა პასპორტებში.

6) კანონიერება – ორენოვანი სკოლამდელი დაწესებულების გახსნა სახელმწიფოს მიერ და სახელმწოფო ენის შესასწავლად კურსების მოწყობა და მისი პოპულარიზება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და სახელმწიფოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაბამის უფლებებსა და მოვალეობებს.

სახელმწიფო ენის შესწავლის პროპაგანდირება, შერეული საზაფხულო ენის კურსებისა და ბანაკების კონსტრუირებით, წამახალისებელი კონკურსები სახელმწიფო ენასა და ლიტერატურაში.

1) ეფექტიანობა – ზაფხულში მოწყობილი 2-3 კვირიანი კურსები რა თქმა უნდა ვერ იქნება ისეთი ეფექტური, რომ საგრძნობლად გააუმჯობესოს სახელმწიფო ენის შესწავლა, თუმცა ის მაინც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ენობრივი და კულტურული ინტეგრაციის საქმეში ეთნიკურად ქართველსა და არაქართველ მოსახლეობას შორის.

2) ხარჯი – ამგვარი ერთი 70-80 კაციანი ბანაკის მოწყობა დაახლოებით 15-18 ათასი აშშ დოლარი დაჯდება და მინიმუმ 4-5 მაინც უნდა გაიმარტოს ერთი სეზონის განმავლობაში, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და ეფექტურობასთან მიმართებით არც თუ ისე მომგებიანია.

3) დრო – იგი მოკლევადიან პერსპექტივაში ეფექტიანია, თუმცა ასეთ მცირე დროში მიღებული პრაქტიკა და სოციალური კავშირები დიდხანს არ მიჰყვება ბავშვებს, საჭიროა მისი პერმანენტულობა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთი პროექტების ორგანიზება ერთჯერადია და არც რაიმე კონკრეტულ პროგნოზირებად მიზნამდე მიმყვანი.

4)  თანასწორუფლებიანობა/სამართლიანობა – ამგვარი ბანაკების ორგანიზებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობები საკუთარ ქალიშვილებს არ მისცემენ ამგვარ ბანაკში წასვლის ნებას მათი რწმენისა და მენტალიტეტიდან გამომდინარე, შესაბამისად შეიქმნება არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრეცედენტი.

5) ღირებულებითი დონე – შესაძლებელია, მაგალითად მუსლიმმა მშობელმა არ მოინდომოს შვილის, მითუმეტეს მოზრდილი ქალიშვილის გაშვება ამგვარ ბანაკში, ვინაიდან მიუღებელი აღმოჩნდეს მათი რწმენისა და მენტალიტეტისთვის. ან პირიქით, ქართველმა არ მოისურვოს თავისი შვილის გაშვება ამგვარ შერეულ ბანაკებში.

6)  კანონიერება – შედეგს არ აქვს მასთან შეხება და შესაბამისად, გავლენაც.

მშობლების განათლება ტრეინინგების, საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა საშუალებით, რომ მოხდეს მათი დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელია, შვილებს ხელი შეუწყონ განათლების მიღებაში, რომლის თავი და თავი სწორედ სახელმწიფო ენაა.

1) ეფექტიანობა – მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული სერვისები არ იქნება შედეგიანი, თუ მეორე მხარეც არ დაინტერესდა მისი მიღებითა და გამოყენებით. შესაბამისად მოცემული ალტერნატივის ეფექტიანობას მაქსიმალური მაჩვენებლით გავზომავ, იგი არის პრობლემის აღმოფხვრის ფუნდამენტი.

2) ხარჯი – თითო ჯერზე საშუალოდ 5-7 ათასი ლარი საკმარისი იქნება ამ პროექტის ორგანიზებისათვის, რაც შედეგის ეფექტურობასთან შედარებით საკმაოდ მცირე დანახარჯია.

3) დრო – თითო ასეთ გასვლას 3-4 დღე დასჭირდება და შედეგს გრძელვადიან პერიოდში მივიღებთ.

4) თანასწორუფლებიანობა/სამართლიანობა – სამართლიანი და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. ეს კრიტერიუმი, როგორც ასეთი, არ ეხება შედეგს და არ მოქმედებს მასზე.

5) ღირებულებითი დონე – მისაღებია ორივე მხარისათვის – ეთნიკური უმცირესობებისა და უმრავლესობებისათვის.

6) კანონიერება – სახელმწიფო ენის პროპაგანდირება აბსოლიტურად კანონიერი ქმედებაა ნებისმიერი საერთაშორისო თუ კერძო ხელშეკრულების გათვალისწინებით. (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ევროპის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, საქართველოს კონსტიტუცია, კანონი განათლების შესახებ და ა.შ)

 განათლებამიღებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წახალისება სამუშაოს პოვნაში დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში მოლოდინებისა და პრიორიტეტების გადაფასებას.

1) ეფექტიანობა – შედეგი მეტად ეფექტიანი იქნება, ვინაიდან რეალური შანსი პერსპექტივის ზრდისა ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 12%-ის (მოცემული ორი ეთნიკური ჯგუფის) საჯარო სფეროში ჩართვას, განათლების დონის ზრდას, მათ სამოქალაქო საზოგადოებად ჩმოყალიბებას, სამუშაო ძალის ზრდასა და ქვეყნის მოსახლეობის ერთ სახელმწიფოში მჭიდრო ინტეგრაციას.

2) ხარჯი – დანახარჯი სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ მაღალი იქნება როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან კერძო სექტორში დასაქმების შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ კომპანიების წახალისება (მატერიალურად თუ შეღავათებით), რომლებიც მიიღებენ ეთნიკური უმცირესობების კადრებს, მაგრამ დროთა განმავლობაში (მაგ, 10-15 წელიწადში) ასეთი სააგენტოები შესაძლოა აღარ იყოს საჭირო მიზნის ნაწილობრივი მიღწევის გამო, საბოლოო ინტეგრაციამდე კი მოსახლეობა თავისით მივა ჯანსაღი კონკურენციის წყალობით.

3) დრო – ეს პროექტი დროში უნდა იყოს მდგრადი, ანუ სააგენტო უნდა მუშაობდეს უწყვეტ რეჟიმში. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება მიზნის მიღწევა.

4) თანასწორუფლებიანობა/სამართლიანობა – აქ მნიშვნელობა აქვს რას ვგულისხმობთ სამართლიანობაში: თუ სახელმწიფო, ღამის დარაჯი მოიმოქმედებს, იქნება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია (უმცირესობების უკეთეს პირობებში ჩაყენება და არასამართლიანი კონკურენცია), მაგრამ თუ კეთილდღეობის სახელმწიფოს ლოგიკას მივყვებით, მაშინ იგი იქნება სწორედ იმ არათანასწორობის აღმოფხვრა, რასაც ენობრივი ბარიერი ქმნიდა ეთნიკური უმცირესობებისათვის სამსახური მოძებნისას.

5) ღირებულებითი დონე – ქართველებისათვის მძიმე იქნება ეთნიკურად არაქართველთათვის ასეთი არათანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თუ გავითვალისწინებთ რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სწორედ ეთნიკურად ქართველია, მაშინ დიდი შანსია, რომ ღირებულებითმა ფაქტორმა დიდი როლი ითამაშოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

6)  კანონიერება – ეს არის სოციალური უფლებების გათვალისწინება.

დაინტერესებული ჯგუფების ანალიზი:

მოცემული საჯარო პოლიტიკური პრობლემის მოგვარების საკითხით შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ შემდეგი ჯგუფები, რომელთაც დაინტერესებულ ჯგუფებად მოვიხსენიებ:

ხელისუფლება – ის სახელისუფლებო პარტია, აღმასრულებელთა კორპუსი და ბიუროკრატია, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ძირითად მმართველობით ფუნქციას;

  საპარლამენტო უმცირესობა – ის საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოტივირებულნი არიან, მოიპოვონ და დაიცვან ამომრჩეველთა ინტერესები, იქნება ეს უკანასკნელი უმრავლესობის თუ უმცირესობის წარმომადგენელი;

უმრავლესი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლობა – იგულისხმებიან წამყვანი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ანუ ქართველები;

უმცირესობის წარმომადგენლობა – ამ შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯნელი და სომეხი ჯგუფების წარმომადგენლობა, რომელიც ამ უკანასკნელთა ინტერესებს იცავს სახელისუფლებო დონეზე;

ბიზნეს-ელიტა – ის საზოგადოება, რომელიც ადგილობრივი მუშახელის რაოდენობისა და ხარისხის ზრდითაა დაინტერესებულია.

ახლა შევეცდები, თითოეული დაინტერესებული ჯგუფის მიერ ამა თუ იმ ალტერნატივის შემხებლობისა და ამ ალტერნატივის განხორციელებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის ქონის ანალიზი გავაკეთო, რისთვისაც გამოვიყენებ შემდეგ შეფასებით სისტემას:

- არა + კი

  1. გავლენის მოხდენის შესაძლებლობა
  2.  შემხებლობა

  უმრავლესი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლობა – / -

 ბიზნეს-ელიტა – / +

 საპარლამენტო უმცირესობა

 უმცირესობის წარმომადგენლობა + / -

 ხელისუფლება  + / +

ზემოთ მოყვანილი ცხრილი ზომავს ორ მახასიათებელს: ერთი – ეხება თუ არა მოცემული პრობლემა ამა თუ იმ კონკრეტულ დაინტერესებულ ჯგუფს და მეორე – რამდენად შეუძლია მას მოცემული პრობლემის აღმოფხვრისთვის წარმართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, იქნება ეს გავლენა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საზოგaდოებრივი რესურსების მეშვეობით. როგორც მოცემული მატრიციდან ვხედავთ, ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემის აღმსაფხვრელად ყველაზე მეტად სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული, მას ეს პრობლემა ეხება, ვინაიდან ის განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას, უზრუნველყოფს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას – საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას და ვალდებულებას იღებს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, რაც სახელმწიფოს ერთიან ორგანიზმად, სხეულად და ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბების გარეშე ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ეს უკანასკნელი კი ვერ განხორციელდება, თუ სახელმწიფოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები (მითუმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელი მთელი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს) არ იქნებიან სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირებული, რისი წინაპირობაც კვლავაც და კვლავაც არის სახელმწიფო ენის ცოდნა, რისი საშუალებითაც ეს უკანასკნელები მინიმუმ უნდა იღებდნენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხელისუფლებას აქვს ასევე გავლენის მოხდენის ბერკეტები ამ პრობლემის გადაჭრისათვის, შესაბამისად მის განხორციელებას მხარს დაუჭერს. მეორე მნიშვნელოვანი აქტორი – ესაა საპარლამენტო უმცირესობა – პარტია, რომელიც მმართველიპარტიის შესამუშავებელი თუ უკვე შემუშავებული და განსახორციელებლად გადაცემული პოლიტიკის დამაბალანსებელია. ამ უკანასკნელთ მოცემული პოლიტიკა ეხებათ, ვინაიდან ეს მათ ამომრჩვლებზეა გათვლილი, რომელთა სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის ამაღლება აღჩევნებში მათი პოზიციის შესაძლო შემცვლელიც კი შეიძლება გახდეს, თუმცა ნაკლებად შესწევთ დღესდღეობით ძალა, უზრუნველყონ ამ პრობლემისათვის შესაძლებლობის ფანჯრის გახსნა. ასეთსავე მდგომარეობაშია თვითონ ამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა, მათ ეხებათ პრობლემა, თუმცა მისი „წამოტივტივებისათვის“ საკმარისი ბერკეტები არ გააჩნიათ და სხვათა ინტერესის სფეროში „მოხვედრის“ გარეშე დამოუკიდებლად მასზე გავლენა გაუჭირდებათ. რაც შეეხებათ უმრავლესობის შემდგენ ეთნიკურ ჯგუფს – ქართველებს, მათ ეს პრობლემა არ ეხებათ და არც მასზე გავლენის ბერკეტები აქვთ. და ბოლოს, ბიზნეს-ჯგუფები, რომელთაც მოცემული პრობლემის გადაჭრაზე გავლენის მოხდენა თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა სათანადო დაინტერესება არ აქვთ.

გადაწყვეტილების მიღება:

ყველაზე რთული პროცესი სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესია, სადაც უნდა გავფილტრო ალტერნატივები და დავტოვო მხოლოდ, ის, რასაც მეტი მხარდაჭერა ექნება გავლენის მოხდენის შემძლე აქტორების მხრიდან, ნაკლები დანახარჯი ეფექტიანობასთან მიმართებით და გრძელვადიან პერიოდზე იქნება ორიენტირებული.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მეორე ალტერნატივა ანუ „სახელმწიფო ენის შესწავლის პროპაგანდირება, შერეული საზაფხულო ენის კურსებისა და ბანაკების კონსტრუირებით, წამახალისებელი კონკურსები სახელმწიფო ენასა და ლიტერატურაში“ ყველაზე ნაკლებადაა მისაღები, ვინაიდან ის ფაქტიურად ერთჯერადი აქტია, დროში მოკლე, გრძელვადიან პერსპექტივაში არასაკმარისად ეფექტური და რაც ყველაზე მთავარია, დიდი დანახარჯის მქონე, შესაბამისად, მას ამოვიღებ სასურველ-განსახორციელებელი ალტერნატივების სიიდან.

მეორე ალტერნატივას, რომელსაც მე ამ ეტაპზე ამოვიღებ, ესაა „განათლებამიღებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წახალისება სამუშაოს პოვნაში დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში მოლოდინებისა და პრიორიტეტების გადაფასებას.“ ეს მეტად ეფექტური პოლიტიკაა, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც: 1) ენის სწავლაში ხელს მხოლოდ მათ ნაკლები დაინტერესება უშლის და არა ობიექტურად არსებული გარემოებები, როგორებიცაა არასაკმარისი და უხარისხო ხელმისაწვდომობა და კომპაქტურად ჩასახლებულობა; 2) სახელმწიფოში სამუშაო ადგილების საკმარისი რაოდენობაა და პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ არასაკმარისად არიან წარმოდგენილები სამუშაო ძალებში ეთნიკური უმცირესობები. არადა რეალობა სხვაა: არც განათლების და არც ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი დღევანდელ საქართველოში არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკა განვახორციელოთ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მის განხორციელებაში დაინტერესება მსხვილ დაინტერესებულ ჯგუფებს არ ექნებოდათ.

დარჩენილი ორი ალტერნატივიდან ერთი რომელიმეს გამოყოფა და მეორეზე უარის თქმა შერჩული ერთის ეფექტურობის შემცირებას გამოიწვევს, ამიტომაც ვიტყოდი, რომ საჭიროა ამ ორივეს ერთდროულად განხორციელება: ეფექტური საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება მოსწავლეებისათვის არაეფექტური იქნება, თუ მათი მშობლების მხრიდან არ იქნება დაინტერება, ხელი შეუწყონ თავიანთ შვილებს ამ სერვისით მაქსიმალურად სარგებლობაში.

სწორედ ამიტომაც, ჩემი არჩევანი შეჩერდება შემდეგი ორი ალტერნატივის სინთეზზე: „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება და მათი პროპაგანდირება, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები და მათი შვილები მცირე ასაკიდანვე შეისწავლიან ქართულ ენას და მშობლების განათლება ტრეინინგების, საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა საშუალებით, რომ მოხდეს მათი დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელია, შვილებს ხელი შეუწყონ განათლების მიღებაში, რომლის თავი და თავი სწორედ სახელმწიფო ენაა.“ თუ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ახლახან მომზადებულ 6 სასწავლო ცენტრს ყოველწლიურად დაემატება თითო ცენტრი, რომლის პარალელურადაც წლიურად მოხდება 4-5 ტრეინინგის ორგანიზება (თითო დაახლოებით 5 ათასი ლარი) კომპაქტურად ჩასახლებულ ეროვნულ უმცირესობათა რაიონებში, მაშინ ეფექტურობის გაცილებით მაღალი ხარისხი გვექნება და ეს პოლიტიკაც ინერციით გარედან დახმარებისა და ჩარევის გარეშეც შეძლებს ამ კურსის გაგრძელებას. ამაღლდება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებში სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხი, რის საშუალებითაც ისინი შეძლებენ, სახელმწიფო მოქალაქეობის სრულყოფილი პაკეტით სარგებლობას არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ უკვე რეალურადაც.

გამოყენებული ლიტერატურა:

 ეთნოსები საქართველოში, რედაქტორი: მერაბ ბასილაია, სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი 2008;

 მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, რაოდენობრივი კვლევის ანგარიში, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, თბილისი 2011;

 განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში, სალომე მეხუზლა და ეიდინ როშე, ECMI-ის სამუშაო მოხსენება # 46, seqtemberi 2009;

 დასაქმება და უმუშევრობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატი, 2010 წლის წლიური ანგარიში;

 მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა საქართველოში – ადგილობრივ თემებთან ერთად შემოუშავებული სტრატეგია; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური უნივერსიტეტი, თბილისი, თებერვალი 2011;

 „საქართველოში უმუშევრობის დონე 2010 წელს 16,3 პროცენტამდე შემცირდა“, GBC – ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი, 27 მაისი 2011 წელი 17:45;

Leave a comment

არაბული დემოკრატიის პარადოქსი

გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში არაბულ სამყაროში ფართოდ გაშლილი დემოკრატიული საპროტესტო აქციები ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთი წლის წინ რეგიონში მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ამბოხების მიზეზად ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის 3 ძირითად საკითხზე შეუთანხმებლობა მიიჩნევა: ანგარიშვალდებულებების სიმცირე, დემოკრატიის ნაკლებობა და უმუშევრობა.

თუმცა ეს მიზეზები არც თუ ისე დამაჯერებელი ჩანს. ახლო აღმოსავლეთი არ არის ერთადერთი რეგიონი მსოფლიოში უპასუხისმგებლო და ავტორიტარული მთავრობებითა და უმუშევართა დიდი რაოდენობით. მეტიც,  ბევრი იმ არაბულ ქვეყანათაგანი, სადაც ამჟამად აჯანყებები მიმდინარეობს, სრულიადაც არ განიცდის  შეფერხებებს განვითარებაში, ზოგი მაჩვენებლებით ისინი წარმატებითაც კი ვითარდებიან.

მაგალითად, გასული წლის გაეროს ადამიანური რესურსების განვითარების ანგარიშით არაბულმა ქვეყნებმა შესამჩნევად გაიუმჯობესეს პოზიციები: ახლო აღმოსავლეთის რეგიონის 5 ქვეყანა ამ ანგარიშის წამყვან ათეულშია, მათ შორის ტუნისი, ალჟირი და მაროკო. მათ არც ეგვიპტე ჩამორჩება. ამ მხრივ რეგიონის პროგრესი ძირითადად გამოწვეულია ჯანდაცვისა და განათლების სფეროების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. სხვაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და 40 წლის წინ იმავე პოზიციებზე მყოფი სხვა ქვეყნების განვითარების ტემპებს შორის ნათელია. მაგ; ჩრდილოეთ აფრიკაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1970-2010 წ.წ. შორის შუალედში  51-დან 71 წლამდე გაიზარდა, ანალოგიური სასტარტო მაჩვენებლების მქონე სხვა ქვეყნებში კი – მხოლოდ 8 წლით; ასევე, სკოლაში მოსიარულე ბავშვების პროცენტული წილი 37%-დან 70%-მდე (33%-ით) გაიზარდა, მაშინ, როცა ანალოგიური მაჩვენებლების მქონე სხვა ქვეყნებში ზრდა მხოლოდ 23% იყო.

ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა განვითარების კარგი საზომია, რომელიც საჭიროა დემოკრატიის კონსოლიდირებისათვის. ეს ორი მაჩვენებელი ხშირად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ განათლება ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ფართო მასებისათვის, ელიტურ ჯგუფებს მეტად გაუჭირდებათ,  რესურსების არათანაბარი განაწილება და პრივილეგიებით სარგებლობა გაამართლონ.

ამდენად, მიმდინარე ”ჟასმინის რევოლუციები” არის შედეგი იმისა, რასაც ”არაბულ პარადოქსს” უწოდებენ – განვითარება შემდგომი დემოკრატიზაციის გარეშე. მიუხედავად ეკონომიკური კეთილდღეობისა, რეგიონი ძალიან დაბალ საფეხურზეა კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ანგარიშვალდებულებების, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.

სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიზაციას შორის დისბალანსი იმავე 2010 წლის ადამიანური რესურსების განვითარების ანგარიშში მოხსენიებულია, როგორც არაბულ სამყაროში ”დემოკრატიის დეფიციტი”. ამიტომაც, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დემოკრატიზაციული მოძრაობა პროგრესის და არა რეგრესის გამოძახილია. ეს არგუმენტი კი აცოცხლებს ამერიკელი სოციოლოგის სეიმურ მარტინ ლიპსეტის 50 წლის წინანდელ ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ დემოკრატიის მოთხოვნა მოდერნიზაციისა და პროგრესის შედეგია. მისი თქმით, საზოგადოებისათვის, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, ძალიან ძნელია შეურიგდეს ავტორიტარულ რეჟიმებს. მაგრამ ლიპსეტის ჰიპოთეზის მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვმარტოთ, თუ რა იგულისხმება სიტყვა ”განვითარების” ქვეშ. ზოგიერთი მეცნიერი უყოყმანოდ ეთანხმება შეხედულებას, რომ განვითარება განისაზღვრება შემოსავლების ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ამ თვალსაზრისით, ”განვითარებით განპირობებული დემოკრატიის ზრდის” არაბულ სამყაროზე მორგებას აზრი არ ექნება, რადგანაც ახლო აღმოსავლეთი არ არის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების თვალსაზრისით სწრაფად მზარდი რეგიონი.

არაბული სამყაროს დიდმა ნაწილმა მიაღწია განვითარების იმ დონეს, რომელიც შეუთავსებელია იქ არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებთან. ეკონომიკური კეთილდღეობის, ჯანდაცვისა და განათლების უფრო მაღალი ხარისხის მიღწევის პირობებში მოსახლეობის სურვილი, მოითმინოს მტაცებელი ელიტის მმართველობა, მცირდება.  სწორედ ამიტომ, მიმდინარე აქციები წარმოადგენს პრო-დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც ინსპირირებულია საუნივერსიტეტო განათლების მქონე საშუალო კლასის წარმომადგენლების მიერ, რომელთაც აღარ სურთ, იცხოვრონ ნახევრად-ფეოდალური ავტოკრატების მმართველობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებული პოლიტიკური სისტემები დემოკრატიის ტრანზიციისათვის ჯერ კიდევ დროს საჭიროებენ, საფრთხე იმისა, რომ ეს ქვეყნები კვლავ ავტოკრატიულ მმართველობას მიუბრუნდებიან, ძალიან მცირეა.

Leave a comment

საერთაშორისო წესრიგი და გადაწყვეტილების მიღება

 

საერთაშორისო წესრიგი სახელმწიფოთა შორის წესრიგია, რომელიც საშუალებას ქმნის, მიღწეულ იქნეს საერთაშორისო სისტემაში შემავალი სახელმწიფოების უპირველესი და ყველაზე ზოგადი მიზნები. პირველი მიზანი თავად საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებაა. მეორე მიზანია მონაწილე სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის შენარჩუნება. მესამე მიზანს მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოადგენს. მეოთხე მიზანი ძალადობის შეკავება, შეზღუდვა და ამავე დროს დადგენილი წესების თუ შეთანხმებების პატივისცემაა. საერთაშორისო წესრიგის ფუნქციონირება უმთავრესი პრინციპი და მიზანია, ვინაიდან სხვა შემთვევაში შეუძლებელი იქნებოდა ისედაც ანარქიის პირობებში მყოფი (იგულისხმება ზესახელმწიფოებრივი მმართველობის არარსებობა) სახელმწიფოების ერთმანეთთან ურთერთობების პრინციპების დანერგვა და შესაბამისად მოქმედება.

საერთაშორისო წესრიგი განსაზღვრავს მის მონაწილეთა შორის ურთიერთობების სახეს, წესებს, მოქმედების შიდა ლოგიკას, მონაწილეთა მოლოდინებსა და მათ აღქმას, ამა თუ იმ მოვლენისა თუ გადაწყვეტილებების შეფასებას. ამიტომაც, როგორიცაა საერთაშორისო წესრიგის სახე, საერთაშორისო სისტემა, მისი შესაბამისია მონაწილეთა გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. ამიტომაც ისტორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ის განსხვავაებული იყო, თუმცა ეს განსხვავება, ჩემი აზრით, ღრმა ხასიათს არ ატარებდა. თუ უძველესი პერიოდიდან მე-20 საუკუნემდე საერთაშორისო პოლიტიკაში დომინირებდა რეალისტური ხედვა, თუ სახელმწიფოები დამოკიდებულნი იყვნენ ძალთა ბალანსის შენარჩუნებასა და მის გამყარებაზე, თუ ყოველი სამეფო ან სახელმწიფო ცდილობდა შედარებითი უპირატესობის მიღწევის გზით საკუთარი უსაფრთხოების გარანტირებასა და შესაძლებლობის შემთხვევაში გაბატონებასაც კი, მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს უდიდესი კატასტროფის, ხალხთა დიდი ჟლეტის, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალმა ძალამ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს გააცნო სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების სრულიად ახალი კონცეფცია – იდეალიზმი, რომელიც დიდჭირნახადი ევროპელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის ყოვლადწარმოუდგენელ ლოგიკაზე იყო დამყარებული – იგი ეფუძნებოდა ძირითადად მორალს, რაც ევროპული პოლიტიკიდან დიდი ხნის წინ იყო გამოდევნილი და ალტრუისტული ქმედებებისაკენ მოუწოდებდა დიდ ძალებს. თუმცა იმის გამო, რომ ევროპას ამერიკა სჭირდებოდა, იგი დათანხმდა ამგვარი იდეალისტური პრინციპებიოს საფუძველზე დამყარებული საერთაშორისო ორგანიზაციის – ერთა ლიგის შექმნაზე. ერთა ლიგამ, სამწუხაროდ, ვერ შეასრულა  დაკისრებული მოვალეობა – ვერ შეინარჩუნა მსოფლიო მშვიდობა და საბოლოოდ მისი ფორმალური არსებობა დასრულდა ახალი მსოფლიო ომით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი ერთა ლიგას ჩაენაცვლა ახალი გლობალური საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო რომელიც საერთო მიზნებსა და გადაწყვეტილებების უმრავლესობის პრინციპებით მიღებაზეა დამყარებული. ამხელა ისტორიული ექსკურსის ჩატარება მხოლოდ იმის გამო განვიზრახე, რომ მეჩვენებინა, რამდენად შეიცვალა ახალ საუკუნეში საერთაშორისო ცხოვრების სახე, რომელი ახალი აქტორები შემოვიდა პოლიტიკაში და რამდენად მოქმედებენ ისინი გადაწყვეტილების მიღებაზე. საერთაშორისო სამართალი დღესდღეობით არის მოქმედების ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ სახელმწიფოები, თუმცა აქ საკითხავი ისაა, თუ ვის ინტერესებს ემსახურება ეს „საერთაშორისო სამართალი“ – პატარა სუსტი სახელმწიფოებისა თუ დიდი ძალების?

თანამედროვე ეპოქაში გადაწყვეტილებების მიღება ყველა სახელმწიფოს მხრიდან ხდება საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, მისგან გადახვევა დევიანტურ ქმედებად ითვლება და სერიოზულ გამოხმაურებას იწვევს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, თუმცა ამ გამოხმაურების სახე და ხასიათი დამოკიდებულია სამართალდამრღვევი ქვეყნის ძალასა და წონაზე საერთაშორისო სისტემაში და ასევე, სამართლისდამცველი და დანაშაულის აღმკვეთი ქვეყნის ინტერესზე ამ საკითხის მიმართ. ამის სადემონსტრაციოდ განვიხილოთ თუნდა ორი შემთხვევა: ამერიკის ინტერვენცია ერაყში 90-იან წლებში  და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი.

ერაყის მიერ პატარა ქვეყნის – ქუვეითის დაპყრობამ იმ დონემდე აღაშფოთა საერთაშორისო საზოგადოება და უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები, რომ მან ძალის გამოყენებით სცადა და მიაღწია კიდეც დაპყრობილი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას. ამერიკის ქმედებას ერაყში მხარში ედგა მთელის საერთაშორისო საზოგადოება და მათ შორის ევროპის სუპერძალები. თითქმის იგივე სიტუაციის მქონე საქართველოს დაცვა კი მხოლოდ უკიდურესი „შეშფოთებით“ შემოიფარგლა და მას რაიმე ქმედითი ზომები არ მოჰყოლია (თუ არ ჩავთვლით, სარკოზის გულთბილ შეხვედრას მედვედევთან და ჩვენთის კარგად ცნობილი შეუსრულებელი პუნქტების განხილვას.)  ამ შემთხვევაშიც დაირღვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები და ლოგიკურია, რომ მას უნდა მოჰყოლოდა ანალოგიური პასუხი, თუმცა ეს „პასუხი“ არ იყო იმდენად კატეგორიული, როგორიც ეს წინა საუკუნის ბოლო ათწლეულის გახმაურებულ კონფლიქტს მოჰყვა. ამის მიზეზი კი სწორედ ევროპის მხრიდან ნაკლები ინტერესი და მეტი პრობლემების შესაძლებლობა იქცა. აშშ მოერიდა რუსეთთან დაპირისპირებას და ხისტად არ დადგა საერთაშორისო სამართლის დაცვის სადარაჯოზე. აი სწორედ აქედან აშკარად ჩანს საერთაშორისო ურთიერთობებში გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა: ის დამყარებულია საერთაშორისო სამართალზე, თუმცა ამ სამართლის ინტერპრეტირება ნებისმიერი ფორმითაა შესაძლებელი და ამის უფლება მხოლოდ დიდ ძალებს შესწევთ, მცირე ძალები მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაძლო განხორციელების გზით საერთაშორისო სამართლის მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში და მათთვის მისი ინტერპრეტირება არაა ხელმისაწვდომი.

Leave a comment

პოლიტიკური აზროვნება

პოლიტიკა იმდენად ფართო და საყოველთაო ცნებაა, რომ საზოგადოებრივი ურთერთქმედების ყველა სივრცეში აღწევს. მისი დეფინიციის დროს იქმნება პრობლემები, არსებობს უამრავი ვარიანტი და ყველაზე ავტორიტეტული შეიძლება სულ რამოდენიმე გამოიყოს, ესენია: პოლიტიკა, როგორც სახელმწიფოს მართვის ხელოვნება; პოლიტიკა, როგორც საჯარო პროცესი; პოლიტიკა, როგორც კომპრომისი და კონსესუსი და პოლიტიკა, როგორც ხელისუფლება და რესურსების გადანაწილება. როგორც ვხედავთ, ეს სფერო იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მისი განხილვა და მითუმეტეს, განხორციელება ადვილი საქმე არაა. როდესაც ადამიანი საკუთარ ცხოვრებასთან დამოკიდებულებაში გადაწყვეტილებას იღებს და ამ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ხდება შეზღუდული ალტერნატივების პირობებში, ასევეა პოლიტიკაც, სადაც რესურსები შეზღუდულია, ქმედებაზე პასუხისმგებლობა კი, წარმოუდგენლად დიდი, ვინაიდან ადამიანის კერძო გადაწყვეტილება თუ შედეგს ერთ ადამიანს თუ ამ ადამიანის გვერდით მყოფს მოუტანს, საჯარო პოლიტიკური პირის გადაწყვეტილება პირდაპირ ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს, არაპირდაპირ კი – მთელს მსოფლიო საზოგადოებაზე ახდენს გავლენას.

გაირკვა, რომ აქ პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია და ამ ტიპის გადაწყვეტილებები უკიდურესი სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი ემოციური ფაქტორი, როგორც გონებრივი, რაციონალური ქმედების თვალზე აკრული ბინდი. ასევე გამოირიცხება მორალიც, ვინაიდან უფრო მორალურია, გაამართლო შენი ქვეყნის მოქალაქეთა მოლოდინები, ვიდრე დაიცვა აბსტრაქტულად განსაზღვრული ეთიკური კოდექსის ქვეპუნქტები. შენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს უზენაესი და მისი განხორციელებისათვის არ უნდა თაკილობდე ლავირებას სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებასა თუ მიმართულებას შორის, პრინციპი არა რომელიმე იდეის ერთგულება, პრინციპი შენი ქვეყნის ინტერესების ერთგულებაა, რომელიც შეიძლება ხშირად იცვლებოდეს და ამიტომაც პოლიტიკოსს უნდა შესწევდეს უნარი, დროულად შეიცნოს ინტერესის ცვლილების სულ მცირე ძვრებიც კი. პოლიტიკოსი, ესაა მესაჭე ხომალდში, ამიტომაც ის კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ გემს, გარემოსა და მოქმედების ტექნიკებს. უპირველეს ყოვლისა, მან უნდა იცოდეს, სად არის თვით საჭე ან სად უნდა მოკიდოს ხელი რუმპელს; მან უნდა იცოდეს თავისი ადგილი გემის ყველა ნაწილთან მიმართებაში და მან უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს მასზე კონტროლის შენარჩუნებისათვის (საშინაო პოლიტიკა) რადგან, თუ იგი მას დაკარგავს, სხვა ნებისმიერი ინფორმაცია მისთვის გამოუსადეგარი გახდება. მესაჭემ უნდა იცოდს, სად იმყოფება მისი ხომალდი, საითკენ მიემართება და რა ტიპის ხომალდია იგი. გარდა ამისა, მან უნდა იცოდეს, როგორია გემის ირგვლივ არსებული გარემო – იგულისხმება რიფები, მეჩეჩები, დინებები და რაც ყველაზე მთავარია, სხვა გემები – და რა მიმართებაშია ყოველივე ზემოთჩამოთვლილთან მისი ხომალდი (საგარეო პოლიტიკა). და ბოლოს, მან უნდა იცოდეს, საით მიდის, გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს თავის მიზანზე, დანიშნულებაზე ან სასურველ კურსზე; და რაც მთავარია, ყოველ წუთს უნდა აცნობიერებდეს – აღებული კურსი აახლოებს ხომალდს სასურველ მიზანთან  თუ პირიქით, აშორებს (ეროვნული ინტერესის განხორციელება). თუ ამ ოთხივე ფაქტორს სათანადოდ გავაერთიანებთ, მაშინ ჩაითვლება რომ ჩვენ შეგვწევს უნარი, პოლიტიკურდ აზროვნებისა და შესაბამისად მოქმედებისა. პოლიტიკა ხომ ხელოვნებაა და ცოდნის გარდა მასში ალღო და ინტუიციაც უნდა ჩაერთოს, ოღონდ ეს რაციონალურ ჩარჩოს არ უნდა გასცდეს. პოლიტიკის, როგორც მეცნიერების შესწავლა არაა საკმარისი იმისათვის, რომ მოქმედება შეძლო, შეიძლება თეორიული ცოდნის დიდი ბაზა გქონდეს და პრაქტიკაში ვერ განახორციელო, ამიტომაც პოლიტიკოსად (ვგულისხმობ დიდ პოლიტიკას) უნდა დაიბადო, ეს მოწოდებად უნდა გაიხადო და შენი აზროვნების სისტემა მასზე უნდა ააგო, ფაქტებსა და მოვლენებს პოლიტიკის ნაცრისფერი სათვალითა და პოლიტიკოსის გაყინული გონებით უნდა ხედავდე და აფასებდე იმისათვის, რომ შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

Leave a comment

საქართველოს ეროვნული ინტერესის განსაზღვრა

პოლიტიკურ რუკას თუ დავხედავთ, ისეთი უსუსურობის განცდა მოგვიცავს, რომ დავფიქრდებით, საერთოდ, რომელ ინტერესზე, მითუმეტეს საგარეო ინტერესებზე გვაქვს საუბარი, ჩვენ ხომ მსოფლიოს უმცირესი ნაწილაკი (და არა ნაწილი) ვართ, მაშინ, როდესაც ასეთი დიდია ისეთი ქვეყნების ტერიტორიული წილი, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია, კანადა, აშშ, ჩინეთი, ან თუნდაც ევროპის წამყვანი ქვეყნები? და მაინც, სწორედ ასეთ მცირე ნაწილებისაგან შედგება მსოფლიო და მასში 200-მდე დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესი, შეზღუდულია რესურსები და ამ შეზღუდულობის პირობებში ხდება ინტერესების განსაზღვრა და მისი განხორციელება. ინტერესების ორი მიმართლება განირჩევა: საშინაო და საგარეო. საშინაო ინტერესებში ძირითადად სტაბილური და ქმედითი კონტროლის განხორციელება და მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისა და სტრუქტურების ქმედითუნარიანობა, ქვეყნის ტერიტორიაზე იურისდიქციის გავრცელება და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა, საგარეო პოლიტიკაში კი უსაფრთხოება და ისეთი მეგობრების შეძენა და კავშირების დამყარებაა, რომელიც ამაში დაგვეხმარება. ამ ორი განზომილების გათვალისწინებით იქმნება ფორმულა – ეროვნული ინტერესი, რომლითაც შემდგომ ხელმძღვანელობს ქვეყნის ხელისუფლება. თუმცა ეროვნული ინტერესის განსაზღვრა ერთჯერადი აქტი არ არის და ისტორიული გამოწვევებიდან გამომდინარე მუდმივი ტრანსფორმაციას განიცდის , მაგრამ მთავარი ხაზი, მითუმეტეს საგარეო პოლიტიკაში ერთი და იგივეა, მიღწევის გზები კი – განსხვავებული.

დღესდღეობის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა და საშინაო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა: საქართველო ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიების დიდ ნაწილს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს სახით. ამ ერთეულებზე არ ვრცელდება ჩვენი ქვეყნის იურიდიქცია და ქვეყანას არ შესწევს უნარი, თვალყური ადევნოს ამ ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ქმედებებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ინსპირირებულია ჩვენი ჩრდილოელი გიგანტი მეზობლის მიერ და ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოება ერიდება რა მასთან ურთიერთობის გაფუჭებას, თვალს ხუჭავს საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების – ტერიტორიული მთლიანობის ასეთ უხეშ დარღვევაზე და მხოლოდ მოწიწებული „შეშფოთებით“ შემოიფარგლება.

რაც შეეხება საგარეო პრიორიტეტს, ეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების არეალში მოხვედრითა და ჩვენდამი მათი ინტერესის ზრდით განისაზღვრება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატარა ქვეყანათა რიცხვს მივეკუთვნებით და არ შეგვწევს უნარი, ჩვენი ინტერესები არათუ გლობალური, არამედ რეგიონალური მასშტაბითაც კი განვახორციელოთ, ჩვენ ვსაჭიროებთ ძლიერი ძალების მხარდაჭერას, მათ დაინტერესებას იმ პოლიტიკით, რაც ჩვენთვის სასურველი და მომგებიანი იქნებოდა. ეს რაღაც გარეგანი ეფექტის მსგავსი მდგომარეობაა, როდესაც ერთი აწარმოებს რაიმე სიკეთეს და მეორე თავისდაუნებურად ხდება ამ სიკეთის მომხმარებელი მასში რაიმე წვლილის შეტანის გარეშე. იმ აზრს, რომ საერთაშორისო საზოგადოება და სუპერ-ძალები უანგაროდ არ გვეხმარებიან და სანაცვლოდ რაიმეს ითხოვენო, არ ვეთანხმები და არა იმის გამო, რომ მე ამ საზოგადოების მორალურობისა მწამს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს ისეთ, რომლის სანაცვლოდ დათმობასაც  შევპირდებით მოკავშირეებს.

როგორც ამერიკელმა ექსპერტმა დევიდ ჯონ სმიტმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა (ეს შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთერთობათა კვლევის ფონდში გაიმართა და თავად გახლდით), საქართველოს უმთავრესი შეცდომა ისაა, რომ პოლიტიკაში ყველას და ყველაფერს 2 ნაწილად ყოფს: თეთრებად და შავებად, არადა საერთაშორისო პოლიტიკა სხვა განზომილებაა, სადაც ასეთ რადიკალიზმი დაუშვებელია და სადაც საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს ნაცრისფერ ფერებში ხედავს – აქ არ არის მტერი და მოყვარე, აქ, როგორც მე-19 საუკუნის ცნობილმა  ინგლისელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ლორდმა ჰამილტონმა განაცხადა, უცვლელი მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებია. ამიტომაც, არავინ აპირებს ჩვენს მიერ „მტრად“ აღიარებული რუსეთის გაღიზიანებას ისეთი კვაზი-სახელმწიფოსა და კვაზი-ერის ყოყლოჩინა პატივმოყვარეობის მოსაქონად, როგორიცაა საქართველო და ქართველობა. ჩვენ შევეჩვიეთ მუდმივად იმას,რომ გადაწყვეტილებებს ჩვენს ნაცვლად სხვა იღებდა და არც ახლა გვაქვს დიდი გასაქანი საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას, მაგრამ ჩვენ ისიც არ განგვისაზღვრავს, რანი ვართ, რა გვინდა და ახლა საით მივდივარ, ვის უნდა „შევეხიზნოთ“ იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა: ხან ქვეყნის მოწყობის ამერიკული მოდელი გვიტაცებს და როცა მისგან დახმარებას ვერ მივიღებთ, უკანფეტოდ დარჩენილი გაბუტული ბავშვივით ევროპული მოწყობის მოდელზე გადავდივართ (კონსტიტუციურ ცვლილებებს ვგულისხმობ), ოღონდ ისიც არ ვიცით, ამ აზრზე როდემდე დავრჩებით. ეს საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურის და დილეტანტი ხელისუფლების ნაზავის შედეგია. საჭიროა საზოგადოება რაც შეიძლება მალე გახდეს პოლიტიზირებული, განსაზღვროს საკუთარი მოთხოვნილებები და ხელისუფლებამაც ამ მოთხოვნილებების შესაბამისი სტაბილური პოლიტიკა შეიმუშაოს და გაატაროს, თორემ ამგვარ რყევებს როდემდე გაუძლებს საზოგადოების იმედები, ეს არავინ იცის. ის ისედაც ნიჰილისტურად არის განწყობილი და ნაკლებად სწამს რაიმე ცვლილებისა და თუ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი, ერის „სულიერი სიკვდილი“ გარდაუვალი იქნება.

 

Leave a comment

გლობალიზაცია და საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო სისტემა, ანარქიულობა, წესრიგი, 3 ტრადიცია და დღევანდელობის შეფასება (გლობალიზაცია)
საერთაშორისო ურთიერთობები ფართო და მრავლისმომცველი ტერმინი და სამოქმედო სფეროა. იგი დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ”პოლიტიკური ცხოველის” ურთიერთობის, მათი ცხოვრების განმსაზღვრელი და მათ შორის ურთიერთობების ამხსნელ-დამარეგულირებელი თეორიული მეცნიერება და პრაქტიკული შედეგია. იგი უძველეს პერიოდში გაჩნდა, მაშინ, როდესაც ერთად შეკრებილი, სახელმწიფოს სახის მქონე პოლიტიკური ერთეულები ჩამოყალიბდა, რამაც მათი მეზობლებთან ურთიერთობების მოგვარების საჭიროება წარმოშვა. იგი პოლიტიკის თანმდევი და მისი მომცველია: თუ პოლიტიკა (მისი ვიწრო გაგებით – სახელმწიფოთა შიგნით განხორციელებული) არეგულირებს სხელმწიფოში ინდივიდთა შორის ურთიერთობებსა და ამყარებს გარკვეულ წესრიგს ამ ურთიერთობათა შესანარჩუნებლად, საერთაშორისო ურთიერთობები ასრულებს იმავე საქმეს, იმ განსხვავებით, რომ იგი არეგულირებს არა ინდივიდების, არამედ ამ ინდივიდთა გაერთიანებების ურთიერთობებს. მაგრამ მასშტაბების გარდა ამ ორი სახის ურთიერთობებსა და წესრიგის ტიპებს შორის ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა: სახელმწიფოებს აქვთ უმაღლესი ხელისუფლება, რაც არ უნდა დიდი თვითმმართველობითაც სარგებლობდნენ ისინი, საერთაშორისო ურთიერთობებს კი ანარქია ახასიათებს, რაც უმაღლესი ხელისუფლების არარსებობით გამოიხატება. აქედან გამომდინარე, წესრიგს საერთაშორისო ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რომელმაც უნდა შეასრულოს არარსებული უმაღლესი ხელისუფლების ფუნქციებიც. ასეთ ანარქიულ გარემოში სამოქმედო გზების მაჩვენებლებად სახელმწიფოებისათვის ეროვნული ინტერესი წარმოჩნდება. იგი არის ქვეყნების მოქმედების კურსის მაჩვენებელი. თუ აქამდე საერთაშორისო ურთიერთობების 3 ძირითადი თეორიის – რეალიზმის, პლურალიზმისა და გლობალიზმის იდეები ერთმანეთს ემთხვეოდა, ამის შემდგომ მათი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ კოროზიას განიცდის, თუმცა, ჩემი აზრით, ეს განხეთქილება არა თვისობრივ, არამედ რაოდენობრივ ხასიათს ატარებს და ახლავე შევეცდები ავხსნა, თუ რას ვგულისხმობ ამ შეხედულების ქვეშ: სამივე მათგანი აღიარებს ინტერესების არსებობას – მაგრამ ამ ინტერესებს სხვადასხვა სახეს აძლევენ და სახელს არქმევენ – რეალისტებისათვის ეს ინტერესები არის ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველა ქმედების თავი და თავი და ყველა ღირებულებაზე უმთავრესია და მის გამო დაპირისპირებასა და ბრძოლას გარდაუვლად მიიჩნევენ, პლურალისტებისათვის (ლიბერალებისათვის) ეს ინტერესი არ არის მძაფრი დაპირისპირებისა და გარდაუვალი უთანხმოების მიზეზი, ვინაიდან მათი მოგვარება სახელმწიფოთაშორის დიალოგის გზით უმთავრესი ინტერესის – მშვიდობის დაცვის მიზნით შესაძლებელია, გლობალისტები კი ინტერესს არა ერთაშორის თუ საზოგადოებათაშორის დაპირისპირებისა თუ დათმობების სახით უყურებენ, არამედ კაცობრიობის გამაერთიანებლად აღიქვამენ – ყველას აქვს ერთი უმთავრესი ინტერესი – კეთილდღეობა და განვითარება, რომ ეროვნულობა პროვინციალიზმია და რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება ერთნაირი ინტერესების მქონე ერთიანი მსოფლიო ცივილიზაცია, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ (და ჩემი აზრით, ეს კაცობრიობის განვითარების ლოგიკური გაგრძელება იქნება), ჯერ კიდევ ბევრი დავა, დაპირისპირება, ომი და მოლაპარაკებები გვაქვს წინ.


თემის სათაურში გაჟღერებული კითხვა: ”რა გავიგე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კურსიდან” ჩემსგან მოითხოვს გავიმეორო ის საკითხები და თემები, რაც ამ კურსის ფარგლებში გავიარეთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სინონიმების პოვნით დავშვრე და მათი მეშვეობითა და გამოყენებით თავიდან ”გადავწერო” ალ. რონდელის ჩვენთვის ასე პოპულარული წიგნი, მე მირჩევნია ვისაუბრო იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ამ ინფორმაციამ ჩემს მსოფლმხედველობასა და საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი განვითრების შესახებ ჩემს მოლოდინებზე.
მაშ ასე, მე საერთაშორისო ურთიერთობებს აღვიქვამ, როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებს მთელი ცივილიზაციის განმავლობაში, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ერთეულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ერთად – ჯოგებად ეცხოვრათ და აღმოაჩინეს მათ გვერდით გამოქვაბულში მცხოვრები სხვა ჯოგებიც. მაშინ ეს ერთობები, არა დღევანდელი გაგებით, მაგრამ მაინც წარმოადგენდნენ, უხეშად რომ ვთქვათ, ეროვნებების ჩანასახებს. პირველყოფილ ადამიანებს თანაცხოვრებისაკენ არსებულმა რეალობამ უბიძგა – პირველ რიგში, საკვების მოპოვება და თავდაცვა იყო საჭირო, რასაც ერთეული ადამიანები ვერ შეძლებდნენ ეფექტურად, შემდეგ ისინი უფრო დიდ ერთეულებში – ტომებში გაერთიანდნენ – ნებაყოფლობითა თუ ძალის გამოყენებით – ერთიც გარდაუვალი იყო და მეორეც. ნებაყოფლობა ზოგ შემთხვევაში პირდაპირ გაერთიანების სურვილიდან არ მომდინარეობდა, არამედ რეალურად მოაზროვნე ადამიანები აცნობიერებდნენ, რომ გადარჩენისათვის მსხვერპლის გაღება და სხვა ადამიანებთან ძალების გაერთიანება იყო საჭირო. ძალაუფლება გამოყენებული იყო იმათ მიმართ, ვინც ამ რეალობას ვერ ან არ ხედავდა და იდეალისტი იყო (მე მომიტევეთ, ძალიან რადიკალი ვარ). ამის შემდეგ იყო სახელმწიფოები, სამეფოები, იმპერიები, პოლიტიკური მმართველობის სხვადასხვა ფორმები, თუმცა საფუძველი ყველას ერთი ჰქონდა – უფრო დიდი ერთობების შექმნა, ძალაუფლების მეტი კონცენტრაცია, განვითარების (სოციალური და ეკონომიკური) წინსვლა, სამყაროსა და რეალობის აღქმა და ახალ გამოწვევებზე პასუხი. ამ გადასახედიდან, შეიძლება ვინმემ იფიქროს და თქვას, რომ ერთაშორისი ურთიერთობები სწორედ რეალიზმზეა დამყარებული და მხოლოდ ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა მე სხვაგვარად ვიტყოდი: ერთაშორის ურთიერთობებში ”პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო …რეალიზმი” ანუ მისით დაიწყო სა-ერთაშორის/ხალთაშორისი ურთიერთობები, თუმცა მისი ლოგიკური თანამდევი იყო სწორედ პლურალიზმი – ორი ინდივიდის გაერთიანებით უკვე ჩნდება მათ შორის შეთანხმების აუცილებლობა და ამ შეთანხმებას ზოგიერთ შემთხვევაში თან სდევს მოლაპარაკება – ინტერესების განხორციელება მშვიდობიანი გზით. ამ სახის ურთიერთობები რომ ავიყვანოთ სახელმწიფოთა დონეზე, მივიღებთ ლიბერალიზმის კონსტატაციას. განვითარების პარალელურად ხდება რეალიზმში უფრო მეტი პლურალიზმის შეღწევა და თავის მხრივ, პლურალიზმს მივყავართ გლობალიზმისაკენ. ისევე, როგორც პირველყოფილი ადამიანები ერთიანდებოდნენ ჯოგებში და ტომებში, ხშირ შემთხვევაში ეს მათთვის არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ აუცილებლობით გამოწვეული და საბოლოო ჯამში სასარგებლო იყო, ასევეა ჩემი აზრით, დღევანდელობაში სახელმწიფოთა ”გაერთიანება” ერთიან გლობალისტურ სამყაროში, ეს ზოგისათვის არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ ბუნებრივი და გარდაუვალი განვითრების ხაზია მთელი ცივილიზაციის ისტორიისა. საქმე ისაა, რომ ადამიანებს ახასიათებთ ჩემი შეფასებით მავნე რადიკალიზმი – ისინი ერთმანეთისაგან მიჯნავენ ისეთ ახლო და ჩემი აზრით, ურთიერთშემცველ და ურთიერთშემავსებელ თეორიებს, როგორიც საერთაშორისო ურთიერთობების ჩვენთვის ცნობილი 3 პარადოგმაა. ზოგისათვის ერთმანეთისადმი მკვეთრად დაპირისპირებული რეალიზმი და გლობალიზმი, ჩემთვის მეტად მონათესავე და მსგავსია, მეტიც, გლობალიზმი სწორედაც რომ რეალიზმია, გარდაუვალობაა, მითუმეტეს დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ადამიანები და ერები არა ერთმანეთისაგან თავდაცვაზე უნდა ზრუნავდნენ, არამედ არსებული უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ერთიანდებოდნენ და ესეც დრომ მოიტანა.

დღეს დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა ქართველი და არა მარტო ქართველი იაპონელია (რა თქმა უნდა, ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით), როდესაც ხედავს, თუ რა საშინელი სტიქია მძვინვარებს იქ და ემუქრება დედამიწას. პათოსი იქით იყოს და, ყველამ ვიცით, თუ რა მოიტანა ცივილიზაციის განვითარებამ, დღეს ”ფოთლის ჩამოვარდნა მსოფლიოს ერთ ნაწილში იწვევს ქარიშხალს – მის მეორე ნაწილში”, ასე რომ ყველასათვის ცხადია ალბათ, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს და მოუტანს კიდეც სამწუხაროდ მსოფლიოს ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ქვეყნის კარასტროფული ზიანი, როგორიცაა იაპონია და არა მხოლოდ ის, ვინაიდან დღესდღეობით სინოპტიკოსთა ცნობით ამგვარი ბუნებრივი კატაკლიზმის მოლოდინში მსოფლიოს კიდევ 20-მდე ქვეყანაა. ეს სულ ცოტა ხნის წინ გადატანილ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს სულ უფრო მეტად გააღრმავებს და მსოფლიოს კიდევ უფრო მეტად დააარწმუნებს იმაში, რომ ადამიანებმა უნდა იზრუნონ მსოფლიოზე და არა ეროვნული საზღვრების განმტკიცებაზე. მე ეროვნულობის წინააღმდეგი არ ვარ და ნუ დამწამებთ ერის მტრობას, მაგრამ მგონია, რომ ადამიანობა უფრო მნიშვნელოვანი ცნებაა, ვიდრე პატრიოტობა, ის კი არ ითვალისწინებს ისეთ დაყოფადობას, როგორიცაა ”ჩვენიანი” და ”უცხოელი”. ეროვნულობა საკუთარი იდენტობის შეგრძნება, ადათები, წინაპრების პატივისცემა და დაბადების ადგილის მოყვარულობაა, ეს კი საზღვარზე ჩასაფრებული და მუდმივად თავდასხმის შიშის მქონე ჯარისკაცების გარეშეცაა შესაძლებელი. პლურალიზმი შეიძლება თანაარსებობდეს რეალიზმთან და უძლებდეს გლობალიზმის ”დაწოლასაც”. აქ კიდევ ერთი რამაა სათქმელი, გლობალიზმში არ უნდა დავინახოთ, სრული ჰომოგენიზაცია, ის უბრალოდ განსხვავებული შეხედულებების, ინტერესების, საქმიანობის, რჯულისა და ადათების მქონე ინდივიდთა ანარქიული ერთობაა, სადაც ყველას აერთიანებს ის იდეა, რომ ისინი ყველანი ადამიანები არიან და რომ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები აბორიგენის კეთილდღეობის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს ქართველის კეთილდღეობაზე, შესაბამისად ფარდობითი ძლიერება აზრს კარგავს და შენი ”მტრის” დანაკლისი მომავალში შენზე აისახება უარყოფითად.


ჩემი აზრით, როგორც უკვე ვთქვი, ჯერ ძალიან შორსაა სამყაროს ამგვარ ფორმირებამდე, მაგრამ მიმდინარე მოვლენები, ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის ზრდა და სულ უფრო მეტად საშიში სახის მქონე ბუნებრივი კატაკლიზმები ადამიანებს აიძულებს ძალების გაერთიანებასა და ახალი ”მტრის” წინაშე თავდაცვას. ეროვნული განსხვავებულობა ყველაზე ძლიერი შეგრძნება/წარმოდგენა აღმოჩნდა, თუმცა მასაც ისევე ემუქრება გაქრობა, როგორც ტომთაშორის, კლასთაშორის, სქესთაშორის და რასათაშორის განსხვავებას, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, ვინაიდან ეს ყველაფრისწამლეკავი და ყოვლისგანმსაზღვრელი რეალობის მოთხოვნითაა განპირობებული და არა სოროსის, როგორც ამას საქართველოში აღიქვამენ და ა.შ.შ-ს მიერ, რომელიც ანტიგლობალისტების აზრით, ამ ცნების საფარქვეშ საკუთარ იმპერიალიზმს ახორციელებს. ეს იქნებ ასეცაა, მაგრამ იგი გამოიწვია არა თვითონ ქვეყანამ, არამედ რეალობამ, რომლის კვერთხი ძალაა, ძალა კი ამ ეტაპზე ამ ქვეყანას აღმოაჩნდა.

Leave a comment

Follow

Get every new post delivered to your Inbox.